ბუდვაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დაიწყო

17–24 ოქტომბერს მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში იმართება. ევროპის საჭადრაკო კავშირისა და მონტენეგროს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება ევროპის საკლუბო თასის 41-ე გათამაშება ღია კატეგორიაში და ქალთა საკლუბო თასის 30-ე გათამაშება.

ორივე კატეგორიაში შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ტარდება. ღია კატეგორიაში გუნდები ექვს დაფაზე ეჯიბრებიან ერთმანეთს, ქალთა შეჯიბრებაში კი თითოეული გუნდური შეხვედრა ოთხ დაფაზე იმართება. გუნდების შემადგენლობაში ღია ტურნირზე 6 ძირითადი მოთამაშეა და ორი რეზერვი. ქალთა ტურნირში კი — ოთხი ძირითადი მოთამაშე და ერთი რეზერვი.

ჩემპიონატი მონაწილე გუნდების რაოდენობით რეკორდულია, ტურნირში სულ 130 გუნდი მონაწილეობს. მათგან 108 ღია კატეგორიაში ასპარეზობს, ხოლო 22 გუნდი ქალთა შეჯიბრებაშია ჩართული.

დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე და 30 წამის დამატება თითოეულ სვლაზე პირველივე სვლიდან.

აღსანიშნავია, საქართველოდან ჩემპიონატზე დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლა სამი გუნდითაა წარმოდგენილი. ასევე, რუმინული კლუბის – SuperChess Romania -ს სახელით ასპარეზობს საქართველოს ნაკრების წევრი, ნინო ბაციაშვილი.

ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 40 000 ევროს შეადგენს. აქედან 26 000 ევრო ღია კატეგორიაზე, ხოლო 14 000 ევრო ქალთა შეჯიბრებაზეა გამოყოფილი.