VIII ტური ქალთა ნაკრებების ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა!

ქალთა პირველმა ნაკრებმა 3-1 დაამარცხა უკრაინა.

2 ფრე და 2 გამარჯვება! ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ თეთრი ფიგურები შესანიშნავად გამოიყენეს და მოწინააღმდეგეები უშანსოდ დაამარცხეს. აღსანიშნავია გუნდის ლიდერის ნანა ძაგნიძის სატურნირო რეიტინგ პერფომანსი – 2669. მის მონაგარში 8-დან 6.5 ქულაა!

ქალთა მეორე ნაკრებმაც 3-1 დაამარცხა იტალიის გუნდი. ნინო ბაციაშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს.

ქალთა მესამე ნაკრებმა 2.5-1.5 გერმანიის გუნდს სძლია.  აღსანიშნავია გოგონების საოცარი ბრძოლისუნარიანობა.  ისინი ტურნირში რეიტინგით 32-ე  ნომრად არიან განთესილნი, მაგრამ ტოლს არავის უდებენ. 8 ტურის შემდეგ 18-ე ადგილზე იმყოფებიან და პირად რეიტინგსაც საგრძნობლად იუმჯობესებენ.

ვაჟთა ნაკრებებმა ისრაელთან და იტალიასთან 2:2 დაამთავრეს.

IX ტური დილიდან დაიწყება. 11:00 საათზე სასტუმრო შერატონი ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბოლო ტურს უმასპინძლებს.

ქალთა ნაკრებებს ერთმანეთთან მოუწევთ შერკინება.

დახურვის ცერემონია გაიმართება 21:30 საათზე.

IX ტურის კენჭისყრა:

ქალები:

საქართველო2 – საქართველო
პოლონეთი – საქართველო3

მამაკაცები:

საქართველო – ჰოლანდია
მოლდოვა – საქართველო2

ტურნის საპრიზო ფონდია 32 000 ევრო. დაჯილდოვდებიან როგორც საპრიზო სამეულში გასული გუნდები, ასევე პირად დაფაზე მცირე ოქროს მედლის მფლობელი მოჭადრაკეები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით ტურნირში დამატებით დაწესებულია 4 სპეციალური პრიზი საუკეთესო პერფორმანსის მქონე მოჭადრაკეებისთვის.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის საუკეთესო პერფორმანსის მქონე ქალ და ვაჟ მოჭადრაკეებსა და საუკეთესო პერფორმანსის მქონე ქართველ ქალ და ვაჟ მოჭადრაკეებს გადაეცემათ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ „ისტორიალის“ მიერ არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით შექმნილი ნივთები, ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების სამკაული. მოტივი შესრულებულია ქართველი ოსტატების მიერ, რომელიც არის მოოქროვილი ვერცხლის ნაკეთობა.