I საჭადრაკო ონლაინ ოლიმპიადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

პირველად ფიდეს ისტორიაში 20 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com ტარდება მსოფლიო საჭადრაკო ონლაინ ოლიმპიადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ღონისძიებას კურირებს ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი და შშმ პირთა კომისიის ზედამხედველი აკაკი იაშვილი და ფიდეს შშმ პირთა კომისია.

ფიდეს წევრ თითოეულ ფედერაციას წარმოდგენილი ყავს 1 ან მაქსიმუმ 4 გუნდი, რომელიც 8 მონაწილისგან შედგება – 4 ძირითადი და 4 სათადარიგო. ყოველდღიურად მატჩს თამაშობს 4 მონაწილე, რომელთაგან 1 აუცილებლად მადნილოსანია.

ფედერაციების მიერ გუნდების რაოდენობის წარდგინება ხდებოდა შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: თუ ფედერაციას ფიდეში დარეგისტრირებული ყავდა 50-მდე შშმ მოჭადრაკე, მაშინ მას ეძლეოდა 1 გუნდის წარდგენის უფლება, თუ 50-დან 75 მოჭადრაკე, მაშინ მას 2 გუნდის წარდგენა შეეძლო, თუ 76-დან 100 მოჭადრაკე, მაშინ მას 3 გუნდის წარდგენის უფლება ეძლეოდა, ხოლო თუ კი 101 და მეტი შშმ მოჭადრაკე, მაშინ 4 გუნდის წარდგენის უფლება ენიჭებოდა.

ოლიმპიადა II ეტაპად ტარდება: I – შვეიცარული სისტემით 7 ტურად, რომელში გამარჯვებული 4 გუნდი გადადის II ეტაპზე, რომელიც უკვე ნოკაუტ სისტემით გაიმართება.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე ეძლევა 25 წუთი 10 წამის დამატებით.

I ეტაპი 21-27 ნოემბერს გაიმართა. საქართველოს ნაკრები 7 მატჩიდან 2 გამარჯვებით და 5 მარცხით 52-ე ადგილზე გავიდა. ჩვენი სპორტსმენებისთვის ეს პირველი გუნდური ღონისძიება იყო რომელშიც მონაწილეობა მიიღეს. ისინი ტურნირის სასტარტო სიაში რეიტინგის საერთო მაჩვენებლით 60 გუნდს შორის 54-ე იყვნენ.

აღსანიშნავია პირველ დაფაზე ლერი ტალიკაძის წარმატებული თამაში, რომელმაც 7-დან 4 ქულა მოიპოვა, ასევე მარგალიტა ნათელაურის მიერ მოპოვებული 6-დან 3 ქულა და გიორგი ყველაშვილის მიერ მოპოვებული 3-დან 2 ქულა.

საქართველოს შშმ პირთა ნაკრების შემადგენლობა:

  1. ლერი ტალიკაძე (ქუთაისი)
  2. იოსებ სარიშვილი (თბილისი)
  3. აკაკი შალამბერიძე (ხონი)
  4. მარგალიტა ნათელაური (თბილისი)
  5. გიორგი ყველაშვილი (თბილისი)
  6. რომან წითელაძე (ქედა)
  7. მარიამ კაპანაძე (თბილისი)
  8. ანნა მგელაძე (ბათუმი)

გუნდის კაპიტანი – საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია.