ჭადრაკის საერთაშორისო დღეს საქართველოს მასშტაბით არაერთი ღონისძიება გაიმართა

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ჭადრაკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა”, 20 ივლისს, 12:00 საათიდან საჭადრაკო აქტივობები გაიმართა.

ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა, პანდემიიდან გამოწვეული 5 თვიანი შესვენების შემდეგ, პირველად ითამაშეს ჭადრაკი ონლაინ რეჟიმის და კომპიუტერის გარეშე.

ისინი ერთმანეთს 2 გუნდად შეეჯიბრნენ. გუნდები დაკომპლექტებული იყო 6-6 სპორტსმენისგან. გუნდი ”ლაზიერის” შემადგენლობაში იყვნენ: ლულუ დიასამიძე, ეკატერინე ცივაძე, ანასტასია გორგილაძე, დეა ბედოშვილი, გიორგი გაბუნია და თამაზ ლომინაძე. გუნდი ”მხედარის” შემადგენლობაში მონაწილეობდნენ: კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე, ლიზი ქონიაძე, დიანა ქუთელია და გიორგი და დემეტრე გოგიაშვილები.

გამარჯვება ”ლაზიერის” გუნდმა მოიპოვა! ამხანაგური მატჩის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სამახსოვრო საჩუქრებით, გამარჯვებულებს კი დამატებით პრიზებიც ხვდათ წილად.

აღსანიშნავია, რომ ფიდეს დაბადების დღეს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციას სტუმრობდა და ღონისძიებას ესწრებოდა, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი.

ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ასევე, მრავალი ღონისძიება გაიმართა თბილისის ჭადრაკის სასახლეშიც. გაიხსნა საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატი, სადაც 2 ბათუმელი სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას: ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია. მათ წილისყრის შედეგად, სასტარტო ნომრებად 5-ე და 8-ე ნომრები შეხვდათ. ტურნირის კენჭისყრა ორიგინალურად გაიმართა, ნომრები ”დამალული” იყო ფედერაციის მიერ გამოცემულ წიგნში, ”წარმატება წლიდან წლამდე”, რომლის პრეზენტაციაც 20 ივლისს გაიმართა.

ასევე დაჯილდოვდნენ ონლაინ-ტურნირების გამარჯვებულები და ქალბატონი ნანა იოსელიანის მიერ ჩატარდა ერთდროული თამაშის სეანსი  საქველმოქმედო მარათონის  #ითამაშეჭადრაკიდაეხმარესამშობლოს  მონაწილეებთან.