წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 2-7 აგვისტოს, კეშანის მუნიციპალიტეტის მე-18 საერთაშორისო ღია საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა.

ღონისძიება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში 6 სხვადასხვა ქვეყნიდან 147 მოთამაშე მონაწილეობდა.

საქართველოდან ასპარეზობდა 2 სპორტსმენი: კესარია მგელაძე და დავით თათვიძე, რომლებმაც 9-დან 5 ქულა დააგროვეს და 5-7 ადგილები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმელმა კესარია მგელაძემ, ქალთა ჩათვლაში I ადგილი, ხოლო 16 წლამდე კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.