საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია!

IX ტურში ჩვენებურების დუელი ქალთა პირველი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. 3-1 და ვერცხლის მედალი ქართველების მონაგარშია! ქალთა გუნდის მორიგი მედალი და მორიგი ღირსეული წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.

გუნდური ვერცხლის გარდა, აღსანიშნავია პირად დაფებზე მოპოვებული 3 მედალიც!   I და IV დაფაზე ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ მცირე ოქროს მედალი მოიპოვეს, ხოლო III დაფაზე ლელა ჯავახიშვილს ბრინჯაო ხვდა წილად.  ნანა ძაგნიძემ ასვე მოიგო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები – ტურნირში საუკეთესო პერფორმანსის მქონე ქალის და საუკეთესო პერფორმანსის მქონე ქართველი ქალის ნომინაციები.   მამაკაცებში ეს ჯილდო უნგრელმა ფერენჩ ბერკეშმა და საქართველოს სახელით მოთამაშე ივან ჩეპარინოვმა მოიგეს. ივანმა ასევე მოიგო ბრინჯაოს მედალი მეორე დაფაზე.

დახურვის ცერემონიაზე არაერთხელ აღინიშნა ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარება. ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ტურნირის და ზოგადად ჭადრაკის მხარდაჭერისათვის. ასევე მადლობა გადაუხადეს სპონსორებს, მხარდამჭერებს, სპორტსმენეს, მსაჯებს, ჭადრაკის გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ცოტაოდენი წვლილი მაინც კი შეიტანა ამ ღონისძიების ჩატარებაში. ბათუმმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ის ერთ-ერთი გამორჩეული მასპინძელია მსგავსი უმაღლესი დონის საჭადრაკო შეჯიბრებისა.

ბათუმში გამართული ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში განსაკუთრებული აღმოჩნდა იმითაც, რომ პირველად მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში არბიტრები სპეციალურ ფორმაში გამოცხადდნენ. ევროპის საჭადრაკო კავშირის ეს ინიციატივა, ბრენდირებული ფორმები – სწორედ საქართველოში განხორციელდა და ამ იდეას ფრთები ქართველმა ცნობილმა დიზაინერმა, დათუნა სულიკაშვილმა შეასხა.

ევროპის წლევანდელი გუნდური ჩემპიონატი გამორჩეული აღმოჩნდა იმითაც, რომ მედლები, რომლითაც გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ, პირველად დამზადდა ევროპის საჭადრაკო კავშირის მიერ შეთავაზებული დიზაინისა და დამტკიცებული ბრენდბუქის მიხედვით, რომელიც ამიერიდან სავალდებული გახდება ევროპის ყველა ოფიციალური ტურნირის ორგანიზატორისთვის.

აღსანიშნავია გუნდის კაპიტნის და მთავარი მწვრთნელის ბატონი ელიზბარ უბილავას დაუღალავი შრომა, ასევე გუნდის წევრების მწვრთნელების, ხვიჩა სუპატაშვილისა და ევგენი რომანოვის ფასდაუდებელი ღვაწლი.