პირველად ფიდეს ისტორიაში 20 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com ტარდება მსოფლიო საჭადრაკო ონლაინ ოლიმპიადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ღონისძიებას კურირებს ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი და შშმ პირთა კომისიის ზედამხედველი აკაკი იაშვილი და ფიდეს შშმ პირთა კომისია.
ფიდეს წევრ თითოეულ ფედერაციას წარმოდგენილი ყავს 1 ან მაქსიმუმ 4 გუნდი, რომელიც 8 მონაწილისგან შედგება – 4 ძირითადი და 4 სათადარიგო. ყოველდღიურად მატჩს თამაშობს 4 მონაწილე, რომელთაგან 1 აუცილებლად მადნილოსანია.
ფედერაციების მიერ გუნდების რაოდენობის წარდგინება ხდებოდა შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: თუ ფედერაციას ფიდეში დარეგისტრირებული ყავდა 50-მდე შშმ მოჭადრაკე, მაშინ მას ეძლეოდა 1 გუნდის წარდგენის უფლება, თუ 50-დან 75 მოჭადრაკე, მაშინ მას 2 გუნდის წარდგენა შეეძლო, თუ 76-დან 100 მოჭადრაკე, მაშინ მას 3 გუნდის წარდგენის უფლება ეძლეოდა, ხოლო თუ კი 101 და მეტი შშმ მოჭადრაკე, მაშინ 4 გუნდის წარდგენის უფლება ენიჭებოდა.
ოლიმპიადა II ეტაპად ტარდება: I – შვეიცარული სისტემით 7 ტურად, რომელში გამარჯვებული 4 გუნდი გადადის II ეტაპზე, რომელიც უკვე ნოკაუტ სისტემით გაიმართება.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე ეძლევა 25 წუთი 10 წამის დამატებით.
I ეტაპი 21-27 ნოემბერს გაიმართა. საქართველოს ნაკრები 7 მატჩიდან 2 გამარჯვებით და 5 მარცხით 52-ე ადგილზე გავიდა. ჩვენი სპორტსმენებისთვის ეს პირველი გუნდური ღონისძიება იყო რომელშიც მონაწილეობა მიიღეს. ისინი ტურნირის სასტარტო სიაში რეიტინგის საერთო მაჩვენებლით 60 გუნდს შორის 54-ე იყვნენ.
აღსანიშნავია პირველ დაფაზე ლერი ტალიკაძის წარმატებული თამაში, რომელმაც 7-დან 4 ქულა მოიპოვა, ასევე მარგალიტა ნათელაურის მიერ მოპოვებული 6-დან 3 ქულა და გიორგი ყველაშვილის მიერ მოპოვებული 3-დან 2 ქულა.
საქართველოს შშმ პირთა ნაკრების შემადგენლობა:
- ლერი ტალიკაძე (ქუთაისი)
- იოსებ სარიშვილი (თბილისი)
- აკაკი შალამბერიძე (ხონი)
- მარგალიტა ნათელაური (თბილისი)
- გიორგი ყველაშვილი (თბილისი)
- რომან წითელაძე (ქედა)
- მარიამ კაპანაძე (თბილისი)
- ანნა მგელაძე (ბათუმი)
გუნდის კაპიტანი – საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია.