გუკეში და სინდაროვი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვიან

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 2026 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საჭადრაკო მოვლენა — Salesforce FIDE მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მიმდინარეობს. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს ინდოელი დიდოსტატი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გუკეშ დომარაჯუ და უზბეკი დიდოსტატი ჯავოხირ სინდაროვი უპირისპირდებიან.

გუკეშ დომარაჯუ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს პირველად იცავს. მან აღნიშნული ტიტული 2024 წელს, სინგაპურში, ჩინელ დიდოსტატ დინ ლიჟენთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა და 18 წლის ასაკში ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ჯავოხირ სინდაროვმა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება 2026 წლის კანდიდატთა ტურნირის გამარჯვებით მოიპოვა. უზბეკმა დიდოსტატმა კვიპროსში გამართულ შეჯიბრებაში 14 პარტიიდან 10 ქულა დააგროვა და პირველობა ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. მანამდე, 2025 წელს, სინდაროვმა FIDE-ის მსოფლიო თასიც მოიგო და ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

პარტიები ჟენევის ადგილობრივი დროით 15:00 საათზე იწყება, ხოლო საქართველოს დროით 18:00 საათზე.

მატჩი მაქსიმუმ 14 კლასიკური პარტიისგან შედგება. გამარჯვებული მოჭადრაკე ერთ ქულას იღებს, ყაიმის შემთხვევაში კი თითოეულ მონაწილეს ნახევარი ქულა ენიჭება. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ის მოჭადრაკე მოიპოვებს, რომელიც პირველი დააგროვებს 7.5 ქულას. თუ 14 პარტიის შემდეგ ანგარიში 7:7 იქნება, გამარჯვებულის ვინაობა ტაიბრეიკით გადაწყდება.

კლასიკურ პარტიებში თითოეულ მოჭადრაკეს პირველ 40 სვლაზე 120 წუთი ეძლევა, რის შემდეგ 30 წუთი ემატება. 41-ე სვლიდან თითოეულ სვლაზე 30-წამიანი დამატება.

ტაიბრეიკის შემთხვევაში თავდაპირველად ოთხი პარტია 15 წუთი + 10 წამის კონტროლით გაიმართება.

ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 2.5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. რეგლამენტის მიხედვით, მოჭადრაკეები თითოეული მოგებული პარტიისთვის 200 000 დოლარს მიიღებენ, ხოლო დარჩენილი თანხა თანაბრად განაწილდება. ტაიბრეიკით გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი 1.3 მილიონ დოლარს, ხოლო მეორე ადგილზე გასული მოჭადრაკე 1.2 მილიონ დოლარს მიიღებს.