2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიებები

აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ, 2022 წლის მიწურულს, წლის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელების და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა გამოვლენა-დაჯილდოება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის სპორტის დეპარტამენტის მიერ, წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში დაჯილდოვდნენ მოჭადრაკეები: ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია, საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში კი – ლეონიდ ნეურონოვი.

ქ. ბათუმის მერიის ”წლის სპორტსმენად” სალომე მელია დასახელდა, ”წლის დებიუტანტის” ნომინაციის ჯილდო ანეტა ქედელიძეს გადაეცა, სპორტული მიღწევებისთვის კი ასევე დაჯილდოვდნენ თენგიზ დიდმანიძე და გიორგი ჭანტურია.

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ტურნირებზე აღინიშნა 2022 წელს მიღწეული წარმატებები: მსოფლიო საჭადრაკო 44-ე ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში ნინო ბაციაშვილის და სალომე მელიას მიერ მოპოვებული ვერცხლის მედალი, ნინომ ასევე თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი; საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე კვლავ ნინოსა და სალომეს მიერ მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის მედლები; საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ნინოს მიერ მოპოვებული ოქროს მედალი; ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის სოფიო ტერელაძის მიერ მოპოვებული ოქრო და მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის – ვერცხლის მედლები; საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე მოპოვებული ოქროს მედლები: 20 წლამდე კატეგორიაში დეა ბედოშვილი, 12 წლამდე კატეგორიაში კესარია მგელაძე, 10 წლამდე კატეგორიაში ანეტა ქედელიძე; ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე 13 წლამდე გოგონათა შორის მარიამ ცეცხლაძის ვერცხლი და კესარია მგელაძის ბრინჯაოს მედლები; შშმ პირთა საქართველოს ჩემპიონატზე ბათუმელი ანნა მგელაძის და ქედელი რომან წითელაძის ბრინჯაოს მედლები.

ასევე აღინიშნა, ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ბათუმში უმაღლეს დონეზე ჩატარებული მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის მთავრობის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის და ქ. ბათუმის მერიის უპრეცედენტო და სრული მხარდაჭერით.

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის 2022 წლის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება – ბათუმში აშენდება ჭადრაკის სასახლე!!