წლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება

აჭარის გაანთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტის დეპარტამენტის მიერ, 25 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში, წლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ კომისიის მიერ გამოვლენილი სპორტსმენები, რომლებმაც, როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველოს სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოუტანეს. ასევე დაჯილდოვდნენ მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა მიღწეული შედეგები და წარმატებები უსურვა. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იზრდება სპორტის განვითარების ხელშეწყობის და პოპულარიზაციის პროგრამების დაფინანსება. გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სპორტსმენების ხელშეწყობა. მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების, ასევე, მათი მწვრთნელების საპრიზო თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ წლის წარმატებული სპორტსმენების ათეულში დასახელდნენ მოჭადრაკეები: სალომე მელია და ნინო ბაციაშვილი (რომელიც ტურნირში მონაწილეობის გამო ვერ ესწრებოდა დაჯილდოების ცერემონიას). ასევე, წლის წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების ნომინაციაში დასახელდა კესარია მგელაძე.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი.