მარიამ ცეცხლაძის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე – 1st WR Chess Juniors Online event

2022 წლის მიწურულს, 27-29 დეკემბერს, ონლაინ პლატფორმაზე lichess.com 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის 1st WR Chess Juniors გაიმართა.

ღონისძიება მოიცავს 3 ეტაპს: 1. შესარჩევი; 2. ფინალური; 3. დიდი ფინალური ეტაპი, რომელიც გაიმართება დუსელდორფში, 2023 წლის 20-26 თებერვალს, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან ონლაინ ტურნირის ფინალურ ეტაპზე 5 გამარჯვებული და ორგანიზატორის მიერ დამატებით მოწვეული სპორტსმენები.

დიდი ფინალური ეტაპის პარალელურად, ტურნირის მონაწილეებისთვის გაიმართება სემინარები, რომელსაც ჩაატარებენ საერთაშორისო დიდოსტატები: ბორის გელფანდი და ელიზაბეტ პეცი.

2023 წლის დასაწყისში, ტურნირის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს ტექნიკური შედეგები, სადაც ცნობილი გახდა, რომ ონლაინ ტურნირში შესარჩევი ეტაპი გაიარა და ფინალში საპრიზო ხუთეულში მოხვდა აჭარის წარმომადგენელი მარიამ ცეცხლაძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს დუსელდორფში დაგეგმილ დიდ ფინალურ ეტაპზე!