Grenke Freestyle Chess Open 2026

2-6 აპრილს, გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გამართულმა Grenke Freestyle Chess Open-მა (Chess960 ფორმატი) კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამედროვე ჭადრაკი მხოლოდ ტრადიციულ ჩარჩოებში აღარ არსებობს. ეს ტურნირი, რომელიც Grenke Chess Festival-ის ფარგლებში ტარდება, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და დინამიკურ შეჯიბრს, სადაც კლასიკური დებიუტების ნაცვლად თამაშის ბედი სრულად დამოკიდებულია მოთამაშეთა კრეატიულობაზე და ინტუიციაზე.

Freestyle Chess, იგივე Chess960, გამოირჩევა იმით, რომ ფიგურების საწყისი განლაგება შემთხვევითია, რაც მთლიანად ანულირებს წინასწარ ნასწავლ დებიუტურ თეორიას და მოთამაშეებს აიძულებს თამაშის პირველივე სვლებიდან დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. სწორედ ამ უნიკალური ფორმატის გამო Grenke Freestyle Open განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, როგორც პროფესიონალებში, ისე მოყვარულებში.

ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით, 9 ტურად, მასში მონაწილეობდნენ 50 ქვეყნის 600-მდე მოჭადრაკე. ასპარეზობაში საქართველოს ნაკრების წევრებიც მონაწილეობდდნენ:

  1. ჯობავა ბაადურ (9-დან 6 ქულა)
  2. ჯავახიშვილი ლელა (9-დან 5.5 ქულა)
  3. არაბიძე მერი (9-დან 5.5 ქულა)
  4. ხოტენაშვილი ბელლა (9-დან 5 ქულა)

დაძაბულმა ბრძოლამ ბოლო ტურის ჩათვლით ინტრიგა შეინარჩუნა, რადგან ლიდერები ერთმანეთისგან მინიმალური სხვაობით იყვნენ დაშორებულნი.

ტურნირის გამარჯვებული გახდა Vincent Keymer, რომელმაც 9-დან 7.5 ქულა დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ იგივე შედეგი ჰქონდა ფრანგ გრანდმასტერს Maxime Vachier-Lagrave, გამარჯვება კოეფიციენტით Keymer-ს მიენიჭა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლა განსაკუთრებით კონკურენტული აღმოჩნდა. ერთდროულად შვიდმა მოთამაშემ დააგროვა 7 ქულა 9 პარტიიდან, და დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილი Magnus Carlsen-მა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირი არა მხოლოდ საპრიზო ადგილებისთვის იყო მნიშვნელოვანი. გამარჯვებით Vincent Keymer-მა მოიპოვა 2027 წლის Freestyle Chess მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება, რაც ამ შეჯიბრს დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს.

Grenke Freestyle Chess Open 2026 ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ჭადრაკი. Chess960 ფორმატი უფრო მეტად აფასებს მოთამაშის კრეატიულობას, უნივერსალურობასა და პოზიციურ აზროვნებას, ვიდრე მეხსიერებას. სწორედ ამიტომ, მსგავსი ტურნირები სულ უფრო პოპულარული ხდება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჭადრაკის მომავალში.