ისტორიული საჭადრაკო წიგნის პრეზენტაცია და მნიშვნელოვანი მემორანდუმი ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე, ღია სივრცეში, საჭადრაკო წიგნის ”ჭადრაკი ყველასთვის” პრეზენტაცია გაიამართა. პირველად საქართველოში, წიგნი შეიქნმა როგორც მხედრული ანბანით, ასევე ბრაილის შრიფტით ქართულ ენაზე. სახელმძღვანელოს ავტორები არიან საერთაშორისო დიდოსტატები სალომე მელია და დავით ჯოჯუა.

ღონისძიებაზე ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს, ჭადრაკის ფედერაციასა და ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის, რომლის მიხედვითაც, სექტემბრის თვიდან ბაღის აღსაზრდელებს მიეცამათ შესაძლებლობა, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში, მოსამზადებელ ჯგუფში გაეცნონ და შეიყვარონ ეს უძველესი სპორტის სახეობა.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას და საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალს წიგნი საჩუქრად გადაეცა.

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელმა სალომე მელიამ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის სპორტის დეპარტამენტს საჭადრაკო წიგნის გამოცემისთვის, პრეზენტაციის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის და ფედერაციის ყველა ღონისძიების მხარდაჭერისათვის, ასევე, მადლობა გადაუხადა ქ. ბათუმის მერიას, შშმ პირთათვის შექმნილი საჭადრაკო წრისთვის ფართის გამოყოფისათვის და პროექტის თანადაფინანსებისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქ-ნი მაია ხაჯიშვილი, ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნი არჩილ ჩიქოვანი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი ლაშა ჩავლეშვილი, ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ბ-ნი თენგიზ აფხაზავა, სტუმრები დედაქალაქიდან: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი – სპორტის ექსპერტი ბ-ნი გია ბეგიაშვივლი , ა(ა)იპ ‘’მომავალი იწყება დღეს’’ ხელმძღვანელი – ქ-ნი მარინა მამულია და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: