20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღეა!
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია, (FIDE) 1924 წლის 20 ივლისს, პარიზში დაარსდა. ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს იღებს 1966 წლიდან.
2022 წლის 20 ივლისს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციამ, ტრადიციულად, ქ. ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა აქტივობები გამართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბი, რომელსაც თენგიზ ხუხუნაიშვილი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიება დაიწყო ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლიდან, სადაც სიმბოლურად ჭადრაკის დაფაზე არსებულ ფიგურათა რაოდენობის აღნიშვნის მიზნით წარმოდგენილი იყო 32 სპორტსმენი (საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან). მოჭადრაკეებთან ერთად სიმბოლურად თითო სვლა გააკეთეს სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებმაც და თეთრ და შავ მაისურებზე ჭადრაკის ფიგურების გამოსახულებით გამოწყობილებმა დიდ დაფასთან მეგობრული მატჩი გამართეს.
აჭარიდან ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ჭაბუკები და გოგონები, რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციის საშუალებით მოიპოვეს სექტემბრის თვეში ბათუმში გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 8,10 და 12 წლამდე კატეგორიებში თამაშის უფლება.
ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა სოფიო ტერელაძის წარმატება, რომელმაც 15 ივლისს ვეტერან ქალთა შორის 50+ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
დღის მეორე ნახევარში საჭადრაკო მაისურებში გამოწყობილმა მოჭადრაკეებმა ბათუმის ბულვარში გადაინაცვლეს და ქალაქის სტუმრებს საჭადრაკო ვიქტორინა გაუმართეს, გამარჯვებულებს კი სიმბოლური საჩუქრები – საჭადრაკო ბრელოკები გადასცეს. ასევე, ბათუმისა და გურიის წარმომადგენლებმა ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა” მეგობრული მატჩი გამართეს, რომელიც ფრედ დასრულდა. გუნდები წარსდგნენ სახელწოდებით ”დელფინები” და ”მხედრული”.
21:00 საათიდან 01:00 საათამდე კი ბათუმის ფეხბურთის სტადიონი საჭადრაკო დაფის ფერებში განათდა წარწერით – ‘’ითამაშე ჭადრაკი’’, ‘’Play Chess’’.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დეპუტატი – კახა კვიტაიშვილი, ლანჩხუთის სპორტის სამსახურის ხელმაძღვანელი პაატა ურუშაძე და მოადგილე დავით სულაქველიძე, ასევე, სხვადასხვა სპორტის სახეობის ცნობილი წარმომადგენლები: ხათუნა გიორგაძე, კახა ვაჩეიშვილი და ლევან ცინცაძე.