ჭადრაკის მწვრთნელთა მეორე ეროვნული ფორუმი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13-14 დეკემბერს, ქ. ბათუმში გაიმართა მწვრთნელთა რიგით მეორე ეროვნული ფორუმი.

ფორუმი ოფიციალურად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა. თავის გამოსვლაში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ერთიანი სასწავლო მეთოდიკის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სისტემური, სტანდარტიზებული მიდგომა არის ქართული ჭადრაკის მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა.

ფორუმის მონაწილეებს რეგიონში მიღწეული შედეგები და გამოცდილება გაუზიარა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ, რომელმაც ისაუბრა პროგრამა ‘საფეხურების’ დანერგვის პროცესზე. დიდი ინტერესი გამოიწვია ქ. ბათუმის მასშტაბით შექმნილმა სასწავლო ჯგუფებმა, სკოლამდელი ასაკის მოზარდთათვის.

ფიდეს ტრენერმა, პროგრამის მთავარმა მენტორმა ნატალია ეძგვერაძემ, ვრცლად გააანალიზა ‘საფეხურების’ I, II და III ტომები, წარმოაჩინა მეთოდიკის ძირითადი პრინციპები და ხაზი გაუსვა მის პრაქტიკულ მნიშვნელობას ბავშვთა ჭადრაკის სწავლების პროცესში.

ფორუმის დისკუსიურ ნაწილში აქტიურად ჩაერთნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი ხედვები და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამის როლი ადგილობრივ დონეზე ბავშვთა ჭადრაკის განვითარებაში. საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს: ალექსი ტერ-კარაპეტიანმა (ბათუმი), ზურაბ ანდღულაძემ (ოზურგეთი), ნინო ხარაულმა (გორი), ადა ქაქუთიამ (ფოთი), საბა ალალიძემ (ზესტაფონი).

ფორუმის მეორე დღეს სემინარი ჩაატარა ფიდეს სენიორ ტრენერმა, საერთაშორისო დიდოსტატმა სერგეი ტივიაკოვმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება მსოფლიო ტოპ-მოჭადრაკეებთან მუშაობის და ყურადღება გაამახვილა იმ საჭადრაკო მეთოდოლოგიებზე, რომლებიც თანამედროვე მწვრთნელისთვის აუცილებელია.

მწრვთნელებს სიტყვით მიმართეს პროგრამა ‘საფეხურების’ მენტორებმაც: დიანა დარჩიამ და ხვიჩა ბახტაძემ.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეულმა 130-მდე წარმომადგენელმა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში მწვრთნელთა პროფესიული განვითარების, თანამშრომლობისა და ბავშვთა ჭადრაკის სისტემური განვითარების მიმართულებით.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: