აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან აკაკი იაშვილთან და აჭარის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტთან სალომე მელიასთან.
შეხვედრას უძღვებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ბავშვთა და მოზარდთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გაიმართება ბათუმში მიმდინარე წლის 5-დან 12 ივნისამდე.
აჭარის სპორტის დეპარტამენტი ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას უწევს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომელშიც მსოფლიოს 40 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ თანამშრომლობაზე მსოფლიო ჩემპიონატის სათანადო მასპინძლობის მიზნით.