აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება პროექტი ‘’ჭადრაკი ყველასთვის’’, რომლის ფარგლებშიც ქ. ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის შენობაში მიმდინარეობს უფასო სწავლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. გაკვეთილები კვირაში 2-ჯერ, ორშაბათს და პარასკევს 16:00 საათზე ტარდება. ასაკი შეზღუდული არ არის, ჯგუფში მოსწავლეების მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
ეს დღე არსებული პროექტის ფარგლებში მოჭადრაკეებმაც აღნიშნეს და ამხანაგური თამაშები გამართეს, რის შემდეგაც ყველა მათგანს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ინკლუზიურ სწავლებაში ჭადრაკს მნიშვნელოვანი როლი უკავია და ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციაა.
2020 წელს, პირველად ჩატარდება აჭარის ჩემპიონატიც, რაც საფუძველს ჩაუყრის შშმ პირთათვის ტურნირების ორგანიზებას.