საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა

17 იანვარს, თბილისის სასტუმრო „ბილტმორში“, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა ჩატარდა.

შეხვედრაზე შეჯამდა ფედერაციის 2025 წლის საქმიანობა, შეფასდა მიღწეული შედეგები, განხილულ იქნა განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე განვითარების ძირითადი პრიორიტეტები.

ყრილობის ფარგლებში ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2025 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები და ის მიმართულებები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს. დეკემბერში ბათუმმა უმასპინძლა მწვრთნელთა ეროვნულ ფორუმს, რომელიც მწვრთნელებისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და შედეგიან ღონისძიებად შეფასდა.

ყრილობის ფარგლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა, ფიდეს სპეციალური ჯილდო გადასცა აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს სალომე მელიას, სოციალური პროექტების მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობისთვის, მათ შორის – შშმ პირებთან მუშაობაში მაღალი ჩართულობის აღსანიშნავად.

ასევე, დააჯილდოვეს მაია ჩიბურდანიძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ელვისებური ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულები და 2025 წლის სხვადასხვა ნომინაციებში გამორჩეული მოჭადრაკეები, რომელთა შორის, ბათუმელი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილიც იყო.

ხაზი გაესვა რეგიონებში ჭადრაკის პოპულარიზაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აქტიურად გრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა – მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, რობოტები, ინტერაქტიული ეკრანები და საჭადრაკო პროგრამები, ასევე მათი პრაქტიკაში გამოყენების მეთოდები.

რეგიონების ხელშეწყობის მიზნით, წარმატებულ რეგიონებს ფედერაციამ ჭადრაკის რობოტები გადასცა, რაც ახალგაზრდებთან მუშაობისა და ინოვაციური სწავლების შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.

ასევე აღინიშნა, რომ ქუთაისში გაიმართა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება — „მაია ჩიბურდანიძის თასი“, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს. ასევე, იანვრიდან Silk TV-ზე დაიწყება ყოველკვირეული საჭადრაკო გადაცემა, რაც ჭადრაკის პოპულარიზაციასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: