თბილისში, სასტუმრო ‘ბილტმორში’, ‘ფიდე -100’-ის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.
მიმდინარე წელს, მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ თავისი დაარსების 100 წლის იუბილე აღნიშნა და მთელ მსოფლიოში ‘ფიდე-100’-ის ეგიდით მრავალი საჭადრაკო ღონისძიება გაიმართა.
მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაცია 100 წლის წინ პარიზში დაარსდა და სიმბოლურია, რომ იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, 20 ივლისს, სწორედ საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდა, ქალაქის მმართველობის მხარდაჭერით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სიმბოლური გახლდათ ამ დღეს ანთებული საჭადრაკო ოლიმპიური ცეცხლი, რომელმაც მთელ მსოფლიოში იმოგზაურა და თბილისსაც ეწვია.
თბილისში ოლიმპიური ცეხლის დანთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის ნონა გაფრინდაშვილის, მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტის არკადი დვორკოვიჩის, ფიდეს განსაკუთრებულ საქმეთა დირექტორის აკაკი იაშვილის, მრავალი საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულის ნანა ალექსანდრიას და მსოფლიო ქალთა გრან პრის მონაწილეების დასწრებამ.
ოლიმპიური ცეცხლის დანთების საპატიო მისია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და ფიდეს განსაკუთრებულ საქმეთა დირექტორმა, აკაკი იაშვილმა შეასრულა.
ღონისძიების ფარგლებში ჭადრაკის ლეგენდამ, ფიდეს პრეზიდენტმა და გრან პრის მონაწილეებმა ერთმანეთში მეგობრული მატჩიც გამართეს, რომელიც მეგობრული შედეგით – ყაიმით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო ვითარებაში გაიმართა ჭადრაკის სწავლების მეთოდიკის სახელმძღვანელოს წარდგენა.
ქართულად ითარგმნა საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდიკის ‘საფეხურები’, მასწავლებლის სახელმძღვანელო და მოსწავლის რვეულები.
მეთოდიკის მსგავსი სახელმძღვანელო ქართულ სივრცეში აქამდე არ არსებობდა და ჭადრაკის მწვრთნელებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სიახლის დანერგვა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, აკაკი იაშვილის ძალისხმევით, ფედერაციამ მოიპოვა საავტორო უფლებები ქართულ ენაზე სახელმძღვანელოს თარგმნის და გამოცემის.
2024 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელები, საწვრთნელ პროცესში იხელმძღვანელებენ ახალი მეთოდიკით.
წიგნის წარდგენაზე, ქართველ ჭადრაკის პედაგოგებს, ლიტერატურა სიმბოლურად მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტმა, არკადი დვორკოვიჩმა გადასცა საკუთარი ხელმოწერით.