5-დან 11 ივნისის ჩათვლით ბათუმი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ღონისძიება საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდეს), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტის, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, რეგიონის სრული მხარდაჭერით ჩატარდა.
ტურნირში 35 ფედერაციის 459 ჭაბუკი და გოგონა ასპარეზობდა.
დახურვის საზეიმო ცერემონია ქართული ჰიმნით და ცეკვით გაიხსნა, შემდეგ კი ფიდე-ს სპეციალურ დავალებათა დირექტორმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გამარჯვებულების დაჯილდოებამდე მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის შესაბამის პირებს მადლობის სიგელები გადაცა.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ჩემპიონთა მატჩის მონაწილეები: მარია მუზიჩუკი, ანა მუზიჩუკი, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე.
მოწვეულმა სტუმრებმა ყველა კატეგორიაში საუკეთესო ხუთი მოთამაშე დააჯილდოვეს. ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონატში კომპოზიციების ამოხსნაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა, სადაც 200-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
საქართველოს მონაგარშია:
სწრაფ ჭადრაკში 14 წლამდე გოგონათა შორის ანასტასია კირთაძე 11-დან 9.5 ქულით ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ელვისსებურში – 11-დან 8.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა;
18 წლამდე გოგონათა შორის სწრაფ ჭადრაკში 11-დან 7 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დიანა ლომაიამ;
ელვისებურ ჭადრაკში 10 წლამდე გოგონათა შორის 11-დან 8 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ბარბარე ჭიოკაძე;
ელვისებურ ჭადრაკში 14 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელი კესარია მგელაძე 11-დან 8 ქულით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა! კესარიამ ასევე მეორე მედალიც მოიპოვა, საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში 14 წლამდე გოგონათა შორის პირველობა დაისაკუთრა!
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: