4 ოქტომბრიდან ქ. ბათუმი მასპინძლობდა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს ქალთა და მამაკაცთა შორის. ასპარეზობა საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის სპორტის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.
ტურნირი გაიმართა 9 ტურად, შვეიცარული სისტემით, ღია და ქალთა კატეგორიაში. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ჩემპიონატში ევროპის 39 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა. ტურნირში მონაწილეობდა 76 გუნდი, რომელთაგან 40 იყო ღია კატეგორიაში, ხოლო 36 – ქალთა შორის.
საქართველოდან ასპარეზობდა 7 გუნდი (4 ღია კატეგორიაში, 3 ქალთა შორის).
ქალთა შორის ოქროს მედლის მფლობელი პოლონეთის ნაკრები გახდა, მეორე ადგილზე უკრაინის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი გერმანიამ მოიპოვა.
მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონობის ტიტული უკრაინის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი აზერბაიჯანის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი სერბეთის გუნდი გახდა.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ინდივიდუალური დაფების გამარჯვებულებიც. აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის III დაფაზე II ადგილის მფლობელი გახდა ლელა ჯავახიშვილი, ხოლო IV დაფაზე I ადგილი დაიკავა ბელა ხოტენაშვილმა.
დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია და სხვა საპატიო სტუმრები.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:

