4-დან 14 სექტემბრის ჩათვლით, რუმენეთის ქალაქ მამაიაში, 8 – 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ევროპის ახალგაზრდული პირველობა გაიმართა.
ჩემპიონატზე 46 ქვეყნის 926 სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს ღირსებას 19 მოჭადრაკე იცავდა, მათ შორის კი 2 აჭარის წარმომადგენელი იყო.
აღსანიშნავია, რომ 18 წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმელმა სპორტსმენმა კვლავ შეძლო ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება! კესარია მგელაძე 14 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7,5 ქულით ოქროს მედლის მფლობელი გახდა! (ეს ტიტული 2004, 2005 წლებში სალომე მელიას ჰქონდა მოპოვებული 18 წლამდე გოგონათა შორის).
კესარიას მწვრთნელები არიან: ნოდარ ლორთქიფანიძე, ნუკრი მანაგაძე.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში ასევე გვასახელა მარიამ ცეცხლაძემ, რომელმაც 9-დან 7 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა! (ეს ტიტული 2003 წელს ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მირანდა მიქაძეს ჰქონდა მოპოვებული, 2008 წელს კი – 8 წლამდე ჭაბუკებში ირაკლი ახვლედიანს).
მარიამის მწვრთნელია დავით მაღალაშვილი.
ასევე აღსანიშნავია 8 წლამდე გოგონათა შორის თბილისელი მარიამ რეხვიაშვილის მიერ მოპოვებულილ ბრინჯაოს მედალი. მწვრთნელი – იოსებ კვირიაშვილი.
საპრიზო ხუთეულში გავიდნენ: 12 წლამდე ჭაბუკთა შორის – გაბრიელ გაბადაძე V ადგილი, 12 წლამდე გოგონათა შორის – ბარბარე აშოთია II-V ადგილი (კოეფიციენტით V), 14 წლამდე გოგონათა შორის – ანასტასია კირთაძე II-IV ადგილი (კოეფიციენტით IV).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ წარგზავნილ დელეგაციას ხელმძღვანელად ახლდა გამოცდილი პედაგოგი იოსებ კვირიაშვილი.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: