5-29 ივლისს, ქ. ბათუმი უმასპინძლებს ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშებას. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება.
ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ფიდეს ქალთა მსოფლიო თასი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, სადაც იასპარეზებენ მსოფლიო ჩემპიონები, საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები და კონტიტენტების უძლიერესი მოთამაშეები!
ტურნირი ჩატარდება სასტუმრო “გრანდ ბელაჯიოში”. ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებს 46 ქვეყნის 107 უძლიერესი ქალი მოჭადრაკე. მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრული იყო ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით ტურნირის დებულების მიხედვით. ტურნირის ყველა პარტია გათამაშდება ლაივ დაფებზე.
აღსანიშნავია, რომ ბათუმს ეწვევა მსოფლიოს ხუთი ექს-ჩემპიონი: ანტუანეტა სტეფანოვა, მარია მუზიჩუკი, ალექსანდრა კოსტენიუკი, ანნა უშენინა და ტან ჟონგი.
საქართველოდან ჩემპიონატში 7 სპორტსმენი ითამაშებს, მათ შორის 2 აჭარიდან:
- ნანა ძაგნიძე (2505)
- ნინო ბაციაშვილი (2462)
- მერი არაბიძე (2440)
- ლელა ჯავახიშვილი (2432)
- ბელა ხოტენაშვილი (2418)
- ანასტასია კირთაძე (2307)
- კესარია მგელაძე (2226)