აკაკი იაშვილი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს!

23 დეკემბერს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა. დამსწრე დელეგატთა სრული მხარდაჭერით მომავალი 4 წლის ვადით ფედერაციის პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს!

ყრილობას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდა.

აკაკი იაშვილი ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, ამჟამად კი ამავე ორგანიზაციის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორია.

აკაკი იაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ გია გიორგაძეს, რომელიც 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჭადრაკის ფედერაციას, ამიერიდან კი საქმიანობას ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით გააგრძელებეს. გენერალურ მდივნად ისევ სოფიო გვეტაძე აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ახლად არჩეულ გამგეობას, არსებული 15 წევრიდან, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელიაც წარმოადგენს.

გეგმები:

  • ჩვენი დევიზია: ‘ყველაფერი უმაღლესი შედეგისთვის’. ფედერაციის ყველა ორგანო ამუშავდება მეტი ძალისხმევით იმისათვის რომ შედეგები კიდევ უფრო გაიზარდოს ყველა მიმართულებით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა 2030 წლამდე დავიბრუნოთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის.
  • ვიმუშავებთ ფედერაციის რებრენდიგზე, გავაძლიერებთ ძალისხმევას მარკეტინგის მიმართულებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჭადრაკი გაუტოლდეს ოლიმპიურ სახეობებს.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბავშთა ჭადრაკს და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.